სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა და ჰქონდა რამე გვერდითი მოვლენა, 36.9 პროცენტს შეადგენს.
გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად, 37.2 პროცენტის შემთხვევაში სახელდება ლოკალური ტკივილი, 33.3 პროცენტში სიცხე, 32.2 პროცენტში დაქანცვა/დაღლილობა, 24.2 პროცენტში სახსრების ტკივილი, 16.3 პროცენტში თავის ტკივილი, 14.9 პროცენტში კუნთების ტკივილი.
სისხლის მაღალი წნევა დასახელდა გამოკითხულთა 7.3 პროცენტში, გულისრევის შეგრძნება – 3.8 პროცენტში. ლოკალურ სიწითლეს უჩიოდა გამოკითხულთა 3.7 პროცენტი, შფოთვა/მოუსვენრობას – 3.5 პროცენტი. ლოკალური ლიმფური კვანძების დასიება დაასახელა 1.1 პროცენტმა, ლოკალური შეშუპება 0.8 პროცენტმა და ღებინება 0.5 პროცენტმა.
ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებიდან, რომელთაც არ გაუკეთებიათ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 56.0 პროცენტი გაიკეთებდა „პფაიზერ-ბიონტექს“, „სინოფარმს“ – 35.0 პროცენტი, „სინოვაკს“ – 16.2 პროცენტი, „მოდერნას“ კი – 1.1 პროცენტი.
ხოლო, იმის მიზეზად, რომ არ აქვთ სურვილი ან არ გადაუწყვეტიათ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რესპონდენტების 46.4 პროცენტი ასახელებს ვაქცინის გვერდით მოვლენებს. 40.2 პროცენტის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი. რესპონდენტების 27.4 პროცენტისთვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი. 15.4 პროცენტი ფიქრობს, რომ ვაქცინა იწვევს სიკვდილს ან უნაყოფობას. 12.8 პროცენტი ასახელებს „კოვიდ-19“-ის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს, 12.0 პროცენტი — ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას. 6.1 პროცენტი ასახელებს ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას. რესპონდენტების 4.8 პროცენტი მიიჩნევს, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია, 4.0 პროცენტი — ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება, ხოლო 1.2 პროცენტის აზრით, ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს.