„სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო,“ - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია წერს.
პოსტს საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი "მოღვაწეობის" ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.
1.ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე: მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობელისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.
ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.