ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო, მეტი ჯარი და ნატო-ს მეტი წევრი.
„ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა. ამ მიზნით, მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ერდოღანთან და ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ სამი ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში მიიწვევს.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ნატო-ს მადრიდის წლევანდელ სამიტზე.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოგვიანებით ამ თვეში, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მივიღებთ. ჩვენ შევათანხმებთ ნატო-ს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას, გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს მოიცავს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.