ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა მიზნად ისახავს 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
,„ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.
ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს.
ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოფენაში მონაწილეობენ: ბორენა ნაჭყებია, ნინა ახობაძე, ნინო გიდერიძე (გოდ ერა), გელა პატიაშვილი, დავით კუხალაშვილი, უტა ბექაია, გურამ შავდია, მაშო ოდიშელიძე, იოანა წუალაია, თეო მასპი, ვატო ბაქრაძე, დათო აფაქიძე.
გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. .