მოვუწოდებ ყველას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე, ეს პერმანენტული აქციები შევწყვიტოთ - ეს დებს ერთადერთი შედეგს, რომ მკეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კლინიკურმა სექტორმა გაუძლო, ეს რესურსი ამოუწურავი არ არის.
„უკვე ძალიან სერიოზულად გადაიტვირთა კლინიკური სექტორი და თუ ეს მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური სექტორი აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის იმაზე მეტად მომზადებული, ვიდრე ამას მოელოდნენ ექსპერტი. ჩვენს რესურსსაც აქვს რაღაც ზღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიტიკული ზღვარი ჯერ არ დამდგარა. 7000 პაციენტი არის ამჟამად ჰოსპიტალიზებული, კიდევ არის რესურსი, მაგრამ უსასრულოდ ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე, ეს პერმანენტული აქციები შევწყვიტოთ და მოვძებნოთ სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები. ეს გაუთავებელი პერმანენტული აქციები, რომელიც რეალურად შედეგს ვერ დებს, დებს ერთადერთი შედეგს, რომ მკეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები და იზრდება გარდაცვალების შემთხვევების მატების რისკები. როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კასკადი შევაჩეროთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება 12 წლიდან მოზარდების აცრის საკითხს, მისი თქმით, პანდემიის შეჩერების კუთხით, ეს მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ მოახდენს.
„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია ახლახანს დაიწყო და არამგონია, რომ ჯერ ბევრი იყოს აცრილი, მაგრამ რომ დაიწყო პროცესი, უკვე კარგია. ძალიან ბევრი მეკითხება აცრან თუ არა ამ ასაკის შვილები, დიახ, მე ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად აცრან, მაგრამ ეს ასაკობრივი ჯგუფი ისეთ გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამეთუ ძირითადი რაოდენობა მაინც მოდის ასაკოვან ადამიანებზე. რეზონანსულია შემთხვევები ახალგაზრდებში, მაგრამ რაოდენობრივად, მძიმე შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პირებზე მოდის“, - აღნიშნა ცერცვაძემ