ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც მორიგი განცხადება გაკეთდა “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შს სამინისტრომ გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ გარდაცვლილი წინა დღეს გადაადგილდებოდა შემდეგი მარშრუტით: სახლი, აფთიაქი - ბახტრიონზე, ფონიჭალის დასახლება - ორთაჭალა -ფონიჭალის დასახლება- დედაენის ბაღი და სახლი.
მამუკა ჭელიძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სახლში “სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში” დაბრუნდა. აღნიშნულ რეპლიკაზე ჟურნალისტებმა დამატებითი კითხვა დასვეს, რაზეც მამუკა ჭელიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
“რაც შეეხება “არაფხიზელ” მდგომარეობას, ჯობია თქვენ თვითონ შეაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები. ჩვენ კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, გამოძიება არ არის ნაადრევი შედეგი, როცა წინასწარ შეიძლება რამე ითქვას. ამიტომ ვატარებთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, რომელსაც ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტიც ესწრება. მეცნიერები მთელი სიზუსტით შეისწავლიან გარდაცვალების რეალურ მიზეზს, მხოლოდ მაშინ შეიძლება დეტალურად ითქვას, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება”,- განაცხადეს შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც.
ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზების დადგენას ექსპერტიზა შეეცდება.