საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმებას ეხმაურება და წერს, რომ მოჩვენებითი რეფერენდუმის გაფორმება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
მისი განცხადებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
"ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!
ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.