აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი, "ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში", – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, პუტინი ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს და უკრაინა არასოდეს დამარცხდება რუსეთთან. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი ვეღარ დარჩება მმართველობაში.
"დიქტატორი, რომელიც ცდილობს რომ იმპერია ააშენოს, ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს, უკრაინა ვერასდროს და არასდროს დამარცხდება რუსეთთან და ამ ბნელ დროში ჩვენ გვაქვს იმედი, მომავალი არის ნათელი. ეს ერთი ადამიანი ვეღარ დარჩება უკვე მმართველობაში.
არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ შეგეშინდეთ დიქტატორის, რომელიც არმიას აშენებს იმპერიის აღსადგენად და ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი ჯარები. გმადლობთ მოთმინებისთვის!"– თქვა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა და განაცხადა, რომ პუტინის აგრესიამ 21-ე საუკუნეში რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და მათ მე-19 საუკუნისკენ მიათრევს.
"ახლა მინდა მესიჯი გავაჟღერო რუსეთის მოსახლეობისთვის. ათწლეულია რუსეთის ლიდერებთან ვმუშაობთ, მოლაპარაკების მაგიდასთან მათთან მრავალჯერ ვმჯდარვარ და ახლა მინდა მივმართო რუს ხალხს. რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ გსურთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, საავადმყოფეობის, სამშობიაროების დაბომბვა. თქვენი პაპები არიან ის ადამიანები, ვისაც ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი და გაქცევის მსურველი ადამიანებით სავსე რკინიგზის სადგურები და ეს უკვე აღარაა წარსული მოგონებები, რადგან რუსულმა არმიამ, რუსეთმა ზუსტად ეს გაუკეთა უკრაინას 2022 წლის მარტში. 21 საუკუნეა, ადამიანებს აქვთ ოცნებები, მისწრაფებები და ახლა ვლადიმირ პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და რუსეთს მიათრევს მე-19 საუკუნისკენ. ეს არაა ის მომავალი, რომელსაც თქვენ და თქვენი შვილები იმსახურებენ. ეს ომი არ ღირს რუსეთის მოსახლეობის გაწირვად. უნდა გაიგოთ, რომ ეს პუტინის ომია.