gorgia
ავერსი legi

„კერძო იმპორტიორები მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ“ - ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული დასკვნა უწყებამ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში გამოაქვეყნა.

„ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის გატარების პროცესში მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა: ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერძო იმპორტიორები, მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ. აღნიშნულს ემატებოდა, საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატი. შედეგად, მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში, რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ ძვირად იყიდებოდა.

მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს, სახელმწიფო ახორციელებს პრეპარატები, რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა. წამლებით უკვე მომარაგებულია, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება“ - წერია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გატარებული ცვლილებების შედეგად, ფასწარმოქმნის პროცესი სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული გახდა. მათი ინფორმაციით, სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„აღსანიშნავია, რომ რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან, რიგ მედიკამენტებზე, პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი გაცემა პაციენტზე დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება“ - წერია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი
მირანდა შურღაია
67