პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრმა საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.
განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ ცხრა საკითხი განიხილა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, რვა ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება.
კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ზოგიერთ შემთხვევაში აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა.
საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის, ასევე არ არის აღიარებული არცერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო რეგულირების სააგენტოს მიერ აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე კომპანიას უარი ეთქვა. აღნიშნული საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა. რეგულირების სააგენტო საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას, შესწავლის მიზნით, რეცენზენტებს გადასცემს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.