საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მან ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტებს მიმართა.
„მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი.
პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და კიდევ ვაგრძელებ მათთან კონსულტაციებს, რომ გავაგებინო ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია, მე მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არც არსებობს, ამაში უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შემჭიდროებულები. საერთაშორისო პარტნიორებთან, ლიდერებთან პრაქტიკულად ყოველდღიური საუბარი მაქვს ამ თემებზე, მათი მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხართ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ, როცა არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ რაღაც გზა მოიძიოს, რომლითაც ქვეყანაში კრიზისი გადაწყდება. არავის აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.