ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს ეხმაურება, სადაც აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მისვლას ხმაური მოჰყვა.
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბინაში შესვლას დილიდან ცდილობდნენ. ბინის მეპატრონესა და სამოქალაქო აქტივისტებს შესასვლელი კარი შედუღებული ჰქონდათ, რის გამოც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს კარის გაჭრა მოუწიათ.
დილიდან კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ ოჯახის მხარდამჭერებს, რომლებიც აქციას მართავენ.
დღის განმავლობაში კეკელიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 20-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასევე, რამდენიმე მოქალაქემ აღსრულების პოლიციის ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დააკავეს.