საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია და არ შეიძლება.
როგორც ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და ქართველი ხალხი სამართალს ქვეყანაში პოულობს.
„სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ. ეს იქნება შიდა, მთავრობის მხრიდან ჩარევა, თუ ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენის სასამართლოს შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა, მოსამართლეების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა დავადასტურო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან დღესავით ნათელი გახდა, ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. აი, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო 2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ. სასამართლო, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მართული იყო. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად მთავარი პროკურორი იყო და ამავე დროს სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. იმ დროს, სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. იმ დღეს, როცა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი გახდა, სასამართლოც თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების მიერ იყო, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მომხდარიყო, რაც ასევე, ჩვენმა მთავრობამ გააკეთა.
4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში. ამას ადასტურებს, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. ჩვენი სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ ნდობა საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი არის. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები საქართველოს სასამართლოში სამართალს პოულობენ. ამის მაჩვენებელი არის ის სტატისტიკა, რომელიც ახლა მაგალითად მინდა მოვიყვანო. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა რეკორდული იყო, 4 000 – 5 000 -მდე საქმე იგზავნებოდა. რატომ მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილია მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები სამართალს ქვეყანაში პოულობენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.