გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც ჩვენ მიმართ შეიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაერო-ში გენასაბლეა.
„როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვა არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ იორკში გაერო-ში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი, ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ გვინდა, ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, რადგან ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი რაღაც გაუგებარ ბოიკოტ თუ გვერდზე ვიხედები, რადგან ყველა იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლების არის. მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.