საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთმა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მისივე თქმით, უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.
„მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ვიქტორ ორბანი წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მისი ვიზიტი, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა პარტნიორობა, მეგობრობა, ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.
განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით, უნგრეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე პირადად ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაქვს მხარდაჭერის დიდი იმედი. მადლობა ვიქტორ ორბანს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები. ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იმავე ფასეულობებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.