„ახალი დროების ძიებაში“ არის ფოტო-ტექსტური პროექტი, რომელიც ეძღვნება დევნილ ადამიანებში იდენტობის ძიების პროცესს, განცდილი ტრავმის დაძლევისა და მომავლისაკენ სწრაფვის კვლევას.
2022 წლის 7 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე იგეგმება გამოფენა თბილისში, უძნაძის 68, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს საგამოფენო დარბაზში. გამოფენა გახსნება 7 ოქტომბერს 19 საათზე.
„ახალი დროების ძიებაში“ მზადდებოდა 6 თვის განმავლობაში, ჩატარდა ინტერვიუ 30-მდე, სხვადასხვა სქესისა და ასაკის დევნილ ადამიანთან. ინტერვიუებზე დაყრდნობით ფოტოგრაფმა გადაიღო და საბოლოოდ გამოსაფენად შეარჩია 21 ფოტოსურათი (პორტრეტები სხვადასხვა ფონზე), ხოლო დრამატურგმა ყოველი ფოტოსთვის ინტერვიუების საფუძველზე შექმნა მცირე ტექსტი, რომელიც პოეტური ჭეშმარიტებით განაწყობს ფოტოში ჩასაღრმავებლად დამთვალიერებელს.
ავტორებმა - სოსო დოლიძემ (ფოტოგრაფი) და ვალერი ოთხოზორიამ (დრამატურგი) გამოსცეს ალბომი, რომელიც ზემოაღნიშნული ფოტოებისა და ტექსტებისაგან შედგება.
ავტორების მიზანი იყო დაენგრიათ დევნილი ადამიანის შესახებ არსებული სტერეოტიპი, რომელიც მას უიმედო, დამსხრეულ, არარეალიზებულ არსებად წარმოაჩენს. ავტორები ცდილობდნენ ეჩვენებინათ დევნილი ადამიანის ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და მისი თვითრეალიზაციის მცდელობანი.
უკრაინის ომმა სულ სხვა აქტუალობა შესძინა ამ პროექტს. ფოტოებიდან და ტექსტებიდან მაყურებელი, ერთის მხრივ, თავის თავში აღმოაჩენს დევნილობის მეტაფიზიკურ ფენომენს, და მეორეს მხრივ, სულ სხვანაირად თანაუგრძნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს იმ მტკივნეული პროცესის გავლა, ქართველი დევნილები რომ წლების განმავლობაში გადიან.
პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და საგამოფენო სივრცე უსასყიდლოდ დაუთმო ორგანიზატორებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტომ.