პოლონეთი პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ცნობილი ხდება, რომ ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე აშენდება.
“ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, - განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა პოლონეთის სუვერენიტეტისადმი და აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი ორივე ქვეყნის სტრატეგიული მიდგომის მტკიცე დასტურია.
“გრაფიკის თანახმად ვმუშაობთ. პირველი პოლონური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2033 წელს ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი შევა ექსპლუატაციაში”, - თქვა მოსკვამ.
მანამდე კი პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ატომური ელექსტროსადგურის მშენებლობა ჯამში 20 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.