
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ ახსნას, რატომ გამოიწვიეს მისი კანდიდატურა.
როგორც მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ეს ქართული რეპუტაციის დასასრულია და ითხოვს ახსნან, რა არის ანტისახელმწიფოებრივი მის ქმედებაში.
"გაბრაზებულზე არ მინდა ვინმეს კრიტიკა დავიწყო. მინდა, გავიგო ერთი რაღაც, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე არავინ მეტყვის და არც მაქვს ილუზია, მაგრამ მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან. ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე. ეს არის ტყუილი, ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე“ , - აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი "ფორმულასთან".
ასევე ის აცხადებს, რომ ტყუილია ირაკლი კობახიძის განცხადება მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის არადემოკრატიულების შესახებ.
"მოყვა მეორე ტყუილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე მესამე ვადით არჩევა არადემოკრატიული იყო. გენერალურმა ასამბლეამ, 80-მა ქვეყანამ 25-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არჩევა დემოკრატიული იყო. თუ ეს არადემოკრატიული იყო, რატომ მომცა იანვარში პრემიერ-მინისტრმა წარდგენის წერილი? - თურმე ელჩებს იბარებდნენ დედაქალაქებში და ეუბნებოდნენ, რომ ეს არადემოკრატიული და არასწორი იყო", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ასევე, გადაცემაში მან ისაუბრა ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩ თეა მაისურაძესთან დაკავშირებით, მისი თქმით, თეა მაისურაძე რამდენიმე თვე კამპანიაში ეხმარებოდა, რაზეც "ისტერიკა ატყდა" და ნაწყენებიც იყვნენ "ქართულ ოცნებაში".
"წარდგენის წერილის შემდეგ. თეა მაისურაძე, საქართველოს ჩეხეთში ელჩი, ხელშეკრულებით ავიყვანე რამდენიმე თვით, რათა კამპანიაში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ სამ თხოვნაზე საუბრობს, ერთ-ერთი მათგანი თეას თანამდებობიდან მოხსნა იყო. მე ავუხსენი, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნებოდა. ამაზე კი დიდი ისტერიკა ატყდა და ამის გამო, თეამ თავისი ინიციატივით შეწყვიტა მუშაობა. ისინი თეას ფაქტზე ნაწყენები იყვნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების მოგროვებაში საერთოდ არ მეხმარებოდნენ", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.