შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი – 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.
ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი – წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ოთხი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და 24 ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.