პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. ამის გამო ადგილზე რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხმელიძის განცხადებით, მათ რკინის ბარიერები დილიდან დახვდათ აგებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით განთავსდა ბარიერები.
მისივე თქმით, სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.
„ახალი „გუმათ კედელი“ აღიმართა. როგორც „ბერლინის კედელი“ იყო აგებული, ისე არის „გუმათ კედელი“. არანაირი აგრესია ჩვენი მიზანი არ იყო. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ვართ კანონმორჩილი ხალხი“,- განაცხადა ლევან ხელაძემ.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გუშინ დღის მეორე ნახევარში „გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანია „ენკას" ოფისთან გადავიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ამ მიზნით, კორიდორიც გააკეთეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები მათ მოუწოდებდნენ გზა გაეხსნათ და ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. გუშინ გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.