პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, რომ სამსახურისადმი მიმართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ისინი რეაგირებისთვის პროკურატურაშია გადაგზავნილი.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც შეტყობინების გამგზავნი პირები მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც მონაცემთა სუბიექტებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.