იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა! - არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ!, - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის.
"ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის ესტონეთის გზა, ბალტიის გზა, პოლონური გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო იმისთვის, რომ ევროპაში შეხვიდეთ. გეგმა უნდა გქონდეთ. დაგეგმეთ ეს გეგმა. იმუშავეთ ამაზე, რადგან ეს ტყუილად არავის ეძლევა. თავისუფლება უბრალოდ არავის ეძლევა, უნდა დაიმსახუროთ, მძიმე შრომით 24 საათის განმავლობაში და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე. თქვენ ხართ ევროპა! - განაცხადა პავილიონისმა.