სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტის ილია II-ის
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად...
და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი)
უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას.
მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს,- გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილომეტრით) მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100 000 წელი მაინც დასჭირდება.
ასეთი გალაქტიკები კი კოსმოსში უთვალავია; თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი.
გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს.
ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ, 33 წლის მანძილზეც, მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა… და, რა თქმა უნდა, სიყვარულისა.
რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო?
რას წარმოადგენს ადამიანი, რა ღირსება აქვს, რომ ასეთი პატივი მიაგე მას?
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცას 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.
ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისათვის გვებოძა?
ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისათვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე ... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.
ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;
და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.
ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში.
აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.
წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 8. 1, 6,). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3.16).
ე. ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!