
საქართველოში, ახალი არჩევნების მოთხოვნით, პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი აქციების რიგით მე-17 დღეა.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, დილის 07:00 საათიდან შეიკრიბნენ.
პარლამენტთან, ასევე თავისუფლების მოედანზე, დილიდან არიან მობილიზებული სამართალდამცველებიც.
დღის განმავლობაში გაიმართა არაერთი საპროტესტო მსვლელობაც. მათ შორის, დედების მარში, სტუდენტების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა, აქცია/მარშს სლოგანით "მთა თავისუფლებისთვის" და ა.შ. საბოლოოდ, ყველა მსვლელობამ პარლამენტთან მოიყარა თავი.
19:00 საათზე ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას აპირებს თბილისის მერი კახა კალაძე. ამჟამად სატესტო რეჟიმში ხდება მომზადება ღონისძიებისთვის. ნაძვის ხესთან მოწყობილია სცენა და განლაგებული არიან სამართალდამცველები.