პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო.
ასევე, კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო სალომე ზურაბიშვილმა კი ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.
ცვლილებები ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესსა და კვორუმს. კერძოდ, მათი არჩევის პროცესში ხდება ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება. ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. წარდგენილი კანდიდატებისთვის შესაძლებელი იქნება 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების შესაბამისად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში გაეგზავნება კონკურსში მონაწილე პირთა სია და დოკუმენტაცია. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.
ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტით უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიული წევრებისგან ოპოზიციის კვოტით ინიშნება.