პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს ეხება.
ახალი კანონის მოქმედება იმ არასრულწლოვანზე გავრცელდება, რომელთან მიმართებით არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებია.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: საკუთრივ ცენტრი, პროკურატურა, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, აგრეთვე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები და სკოლები.
პროექტის გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება - კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება, რომელსაც პროკურორი განახორციელებს; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა-გადამისამართება და შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
კანონპროექტით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება არაუმეტეს 12 თვის ვადით გაგრძელდეს.
იმ შემთხვევებში, თუ ჩაითვლება, რომ სერვისში/პროგრამაში ჩართვას პოზიტიური შედეგები არ ექნება და თავიდანვე საჭიროა უფრო ინვაზიური მეთოდების გამოყენება, არასრულწლოვანი გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, სადაც მისი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა მოხდება.
პროექტით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით გაგრძელდეს.