ევროპა ჩვენთვის არის არა გეოპოლიტიკური პროექტი ან ბიუროკრატიული ერთობა, არამედ ღირებულებითი და ცივილიზაციური სივრცე, რომელიც ქართველების ხელითაც არის შექმნილი. სივრცე, რომელსაც ისტორიულად სხვადასხვა პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ფორმა ჰქონდა. ევროკავშირი ევროპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპული ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ქართველებისთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. თუმცა, დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ქართველებს მიგვიძღვის წილი.
„ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროპა არ არის ან ვინმეზე ნაკლები ევროპაა. ამიტომ ვერც ბრიუსელისგან და ვერც ევროკავშირის სხვა დედაქალაქისგან ვერ მივიღებთ მენტორულ ტონს, როცა საუბარია ევროპულ ღირებულებებზე – იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვაშიც საქართველო ხშირად მარტო იდგა ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთებში.
ლოზუნგი „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“ თავისი დროის პირმშო იყო, როდესაც „რკინის ფარდის“ წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ, ამ ორი ცნების დასაკავშირებლად, „მაშასადამე“ თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, ვინაიდან აღარავისთვის არის სამტკიცებელი, რომ ევროპის თანაშემოქმედი საქართველო თავადაც არის ევროპა. ყველა, ვინც საქართველოს ევროპელობას დანამატებში და არა თავად საქართველოში ხედავს, საკუთარ სახელმწიფოს აკნინებს და სხვას უქვემდებარებს.
ჩვენ ევროპის დამფუძნებელი ნაწილი ვართ. მისი ღირებულებები, იდეები და ესთეტიკა ჩვენთვის არც ნასესხებია და არც ხელოვნურად შეთვისებული. ისინი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის ორგანული ნაწილია. მაგრამ დღევანდელი ევროპული კავშირი სულ უფრო შორდება იმ ევროპას, რომლის შექმნაშიც ჩვენც მიგვიძღვის წილი.
ევროპა ნიშნავს, ეძებდე მშვიდობასა და განვითარებას, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, თანამშრომლობას, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემას, და არა იერარქიასა და დაქვემდებარებას. ევროკავშირის წევრობა არავის უნდა აძლევდეს უფლებას, მენტორული ტონით ესაუბროს ქართველ ხალხს და ქედმაღლურად უკარნახოს, როგორი უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთი დამოკიდებულება უსამართლო, უღირსი და, მაშასადამე, არაევროპულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.