რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური - ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ელენე ხოშტარიას უფასო სამედიცინო დახმარებას, როგორც ეს ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში ხდება.
„მე მგონი, პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის, არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ქალბატონი ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, თუკი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიჰყვნენ.
რაც შეეხება სახელმწიფოს - სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან. სწორედ აღნიშნული შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა.