gorgia
ავერსი legi

საგანგაშოა, როცა ელჩი პირდაპირ ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგად საგანგაშოა, რომ ამას სტუდენტებთან შეხვედრით აკეთებს და მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავსმოხვევით, სტუდენტების ტვინის გამორეცხვა ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ბრიტანეთის ელჩი სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

მისი თქმით, ეს არის ტყუილი და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკური კამპანია.

„წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით იყოს დაკავებული? ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც ბრიტანეთის ელჩი აღმოჩნდა, რომელიც ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. სადაც თავად ელჩია ანტიქართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოოდ არის მიმართული, აქ გაკვირვებას არ იწვევს, რომ BBC დეზინფორმაციას ავრცელებს. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის თუ ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის მიღმა - არის ეს ცალკეული ჟურნალისტის თვითშემოქმედება თუ სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, ჩვენს საზოგადოებას ასეთ ეჭვებს უღვივებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

94