Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - „ფაიზერის“ ნაწილი შემოვა, დაგვაკვირდებიან როგორი ინტენსივობა იქნება აცრებთან დაკავშირებით და მომდევნო დოზები ამის მიხედვით შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში „ფაიზერით“, სავარაუდოდ, 16 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს აცრიან.
„წინასწარი მონაცემები მე მაქვს, როდის ჩამოვა „ფაიზერი“, მაგრამ ვიდრე თვითმფრინავი პირდაპირ ეთერში არ დაჯდება, ვერ ვიტყვი. გეტყვით, რომ მილიონი დოზა, რაზეც არის საუბარი, შემოვა თანდათანობით. „ფაიზერი“ დაგვაკვირდება, როგორი ინტენსივობა იქნება აცრებთან დაკავშირებით, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური.
ალბათ ამ თვის მეორე ნახევარში გამოვაქვეყნებთ ჩამოსვლის ზუსტ თარიღს. „ფაიზერის“ შემდეგი პარტიების შემოსვლა ჩვენს აქტივობაზეა დამოკიდებული. მილიონ დოზაზე კონტრაქტი არის გაფორმებული და ასევე ჩამოვა აშშ-ის საჩუქარი რამდენიმე ასეული ათასი დოზა“, - განაცხადა გამყრელიძემ.