რეგისტრაცია „სინოფარმის“ ვაქცინაზე ძალიან აქტიურად დაიწყო - განსაკუთრებით აქტიურია თბილისი, 4500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჩინურ ვაქცინა „სინოფარმზე“ საუბრისას განაცხადა.
პაატა იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით ჩატარდება.
„დღეს, დილის მონაცემებით, 6700-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია 15 მაისამდე. რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე ძალიან აქტიურად დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს.
განსაკუთრებით აქტიურია თბილისი. თბილისში 4500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია გაფართოვდება, ძალიან დიდი მედი გვაქვს, ვაქცინაცია წარმატებით ჩატარდება“, - აცხადებს იმნაძე.
ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" აცრაზე რეგისტრაციის პორტალი 27 აპრილიდან გაიხსნა. ამ დროისთვის პორტალის -https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/register თანახმად, თბილისში ჩინურ ვაქცინაზე "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.