სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიმართავდა და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასკვნის გადაგზავნა სთხოვა.
"პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ შესულა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასტურის შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იქნება.
"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან."- წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.