
“ემოციებს რომ თავი გავანებოთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული სირცხვილია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომელიც მარტო თავისთვის კი არა ჩვენთვისაც იბრძვის, იძულებული ხდება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ჩვენთან მიმართებაში”- ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევას საქართველოდან, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ. ამის შესახებ ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ისტორიული სირცხვილია რომლის ჩამორეცხვაც ძალიან გაგვიჭირდება.
“რაც შეეხება პრაგმატულ პოლიტიკას, აქაც ძალიან მძიმედ არის საქმე. ზელენსკი დღეს არის დასავლური პოლიტიკის მთავარი ფიგურა, შეიძლება ასეც ითქვას, ტრენდს მსოფლიო პოლიტიკის დღეს ის განსაზღვრავს, შესაბამისად, მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება გახდეს გამომწვევი დასავლეთის მხრიდან ჩვენს მიმართ ურთიერთობის გაყინვის. იმიტომ , რომ ზელენსკის დღეს უსმენს ყველა და მე მეტსაც გეტყვით, შეერთებულ შტატებში მთელი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს ებრძვის, რომ მოიპოვონ კეთილდღეობა ზელენსკისთან. ასეთ ვითარებაში, მისი მხრიდან ეს განაცხადი, ჩვენთვის არის უმძიმესი დარტყმა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვართ ასეთ ვითარებაში, რომ უსაფრთხოების მიზნით ასეთი სამარცხვინო პოლიტიკის გატარების გამო დავკარგოთ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ უსაფრთხოებაც, იმიტომ , რომ დაუცველები აღმოვჩნდებით აგრესიის წინაშე. ჩვენ ამ ყველაფრიდან გამომდინარე არც დასავლეთი დაგვიცავს და არც არავინ. თუ შენ შენი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცევ შიშს ძლიერის მიმართ, ეს ნიშნავს , რომ შენ უკვე მისი ლუკმა ხარ. თუ სულ იმას ვიფიქრებთ, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, არ ვაწყენინოთ და ა.შ სწორედ ეს უნდა რუსეთს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთში ვართ ინტეგრირებული. ეგ არის რუსეთის ამოცანაც. შესაბამისად, უკრაინაში ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, არაფერი არ მოხდებოდა , უბრალოდ ქვეყანა აღარ იარსებებდა, ისე, როგორც ჩვენ არ ვართ ქვეყანა დღეს უკვე… თუ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმის მიხედვით, რომ რუსეთს არ ვაწყენინოთ , მაშინ ვინ ვართ ჩვენ საერთოდ?”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს საქართველოდან ელჩი გაიწვია, რის მიზეზადაც დაასახელა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება : არ შეერთებოდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და არ დაერთო ნება ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინის ომში მონაწიელების მისაღებად წასულიყვნენ.