უკრაინაში ოკუპანტების შეჭრიდან 13 დღე გავიდა, კვლავ იღუპებიან ადამიანები და მიწასთან სწორდება ქალაქები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
ბოლო 24 - საათში კიევზე შტურმის ორგანიზების მიზნით რუსეთმა საკუთარი ძალები გადააჯგუფა. გრძელდება შეტევა დნეპრისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსები ცდილობენ გაარღვიონ მარიოპოლის დაცვა. რუსეთის ჯარი ძალისხმევას ნიკოლაევის, მელიტოპოლისა და ვოზნესენსკისკენ მიმართავს.
უკრაინული მხარის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაბომბეს ქალაქი ახტირკა. დაიბომბა დასახლებები სუმშიც. იერიშის გამო ხანძარი იყო ჟიტომირისა და ჩერნოგოვის ნავთობის საცავებში. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს კიევში. უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვთან ლიკვიდირებულია რუსეთის ერთ-ერთი გენერალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გასცა მსოფლიოს მასშტაბით მყოფი უკრაინელი მშვიდობისმყოფელების ყველა მისიიდან დაბრუნების შესახებ, რათა მათ დახმარება გაუწიონ უკრაინის ძალებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო კი იუწყება, რომ ომის გამო ამ ეტაპზე 700 ათას ადამიანზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიღებული ზარალი კი 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს.