ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „Netflix“-ს უჩივის. ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.
როგორც იურიდიულ ფორმაში აცხადებენ, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს უკვე წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს.
სარჩელი ეხება „ნეტფლიქსის“ მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ სექსიზმში ადანაშაულებს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული 60-მდე კაცთან.
„სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში.
პირველი მოთხოვნა, რაც ნონა გაფრინდაშვილს აქვს, არის შეცდომის გამოსწორება, ფილმიდან არასწორი ინფორმაციის ამოღება ან მინიმუმ საჯაროდ ბოდიშის მოხდა. გარდა ამისა, ამერიკელი იურისტების ინიციატივით, სარჩელით $5 მლნ დოლარიც მოვითხოვეთ“, - უთხრეს bm.ge-ს იურიდიულ ფირმაში.
მათივე განმარტებით, თავად „ნეტფლიქსთან“ უკვე ერთი წელია მიმოწერა აქვთ, თუმცა ბოლო წერილში, რაც კომპანიისგან მიიღეს, ეწერა, რომ ფილმში არაფრის შეცვლას არ აპირებენ, სარჩელის შეტანაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა.
ფილმი The Queen’s Gambit 2020 წელს გამოვიდა.