ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.
უფლებადამცველებისთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის „დისკრედიტაციის მიზნით, მედიაში თავისუფლად ვრცელდება“.
ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ისინი ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.
„2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, აუდიოჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლებადამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია.
ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია „პირველისთვის“ დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები.
არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები, დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკომპანია „პირველს“ ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიციალური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე.
ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე, დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.
აქვე, ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“, - ნათქვამია ბასილაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.