jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეში მოინახულა. 
 
როგორც შეხვედრის შემდეგ სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
 
სამადაშვილი ამბობს, რომ მელია თავს მხნედ გრძნობს და გიორგი რურუას გათავისუფლდებით კმაყოფილია.
 
ამასთან, მისივე თქმით, მელიას მიაჩნია, რომ ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია.
 
"ნიკა არის ძალიან მხნედ. არის ძალიან კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ნიკას მთავარი გზავნილი ვფიქრობ არის ის, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სამადაშვილმა.
 
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ენმ-ის თავმჯდომარე მასზე გაბრაზებული, სამადაშვილი ამბობს, რომ მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეა და ნიკა მელიამ ეს კარგად იცის.
 
"ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე იყო როგორც ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზას. ეს შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს მისას", - განაცხადა სამადაშვილმა.
 
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
 
2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
 
მელიასთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი და აცხადებს, რომ მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას, თუ ამნისტიის კანონპროექტს უკან გაიწვევენ.
 
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა. მან თქვა, რომ შეწყალების აქტს გამოსცემს, თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება - ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ კი ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგება". 
 
გუშინ, 27 აპრილს პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.
 
ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, გუშინ პარლამენტში მივიდა.
912