ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს.
“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე “ქართული ოცნება” აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება”, - განაცხადა გვარამიამ.
ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა) მიიღო. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9,852 % (176 700) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,011 % (161 603 ხმა) აქვს; "გახარია საქართველოსთვის" - 8.224% (147 487); ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2239 უბანზე.