თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა. გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი - 187 მგზავრით დაეშვა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.
,,მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც არის იმ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2 წლის მანძილზე აქტიურად აწარმოებდა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან ავიაკომპანია Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოყვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა ,,შავნაბადამ” მრავალჟამიერი შეასრულა.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.