ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს.
„ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.
თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს."– განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან.
ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.