კარგი ტენდენციაა და იმედი გვაქვს, დამატებითი ვალდებულების შემოღების გარეშეც მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც თურნავამ აღნიშნა, არის სფეროები, სადაც დასაქმება საერთაშორისო დონეზე ხდება და უცხო ქვეყნის დამსაქმებელი სავალდებულოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს მოითხოვს. მისივე თქმით, ვაქცინირების სტატუსი უფრო გააქტიურებს საზღვარგარეთ მოგზაურობას.
„ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია, ახლა საუბარია რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რომ დავუშვათ შეზღუდვების დაწესება ამ თვალსაზრისით. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. „ფაიზერზე“ ერთი იმდენი ადამიანი დარეგისტრირდა, ვინც აქამდე იყო ვაქცინირებული. კარგი ტენდენციაა და იმედი გვაქვს, დამატებითი ვალდებულებების შემოღების გარეშეც მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას. მაგრამ არის სფეროები, სადაც დასაქმება ხდება საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა უცხო ქვეყნის დამსაქმებელი უკვე მოითხოვს სავალდებულოდ ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას - ეს ეხება ზღვაოსნობას. ბათუმში მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მეზღვაურებს. ისინი ამბობენ, რომ ბევრი უცხოური გემთმფლობელი კომპანია ითხოვს, რომ მეზღვაური, ვინც ბორტზე იქნება, იყოს ვაქცინირებული. სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ვაქცინირების სტატუსი უფრო გააქტიურებს საზღვარგარეთ მოგზაურობას.
ჯერჯერობით იმედი გვაქვს, ნებაყოფლობით პრინციპზე დაყრდნობით ამ ტემპებს გავზრდით“,- განაცხადა თურნავამ.