პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა, რადგან არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა „მავნებლურია“. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს „შრომა უნდა დააწყებინოს“ და მათი უნარები „გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ“ არ უნდა მიმართოს.
“მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში, მით უმეტეს.
ერთი მხრივ რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად:კაცი არის სოციალურად დაუცველი, ღებულობს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის, ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ვიღაცა ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი, განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში რეალიზაცია გამკაცრდება.
ფსიქოტროპული მედიკამენტები და ტაბლეტები, რომელსაც მოიხმარენ მათ შორის ახალგაზრდები, ეს უნდა შეჩერდეს, შეწყდეს. ამ მიზნით მე გუშინ მთავრობის სხდომაზეც ღიად განვაცხადე, მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს. თქვენ მკითხეთ, როგორ გადაიხედება ნარკოპოლიტიკაო-ამ გადახედვის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გამკაცრდება რეალიზაცია. აი, ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება.
როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორედ მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას.
ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ, ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.