როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 60 პროცენტი.
მისივე თქმით, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. კერძოდ, ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარეების კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთში.
„რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული ოთხი ფრაგმენტი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით მოხალისეთა საკითხი დარეგულირდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით დარეგულირდა მოხალისეთა ჩართულობის საკითხი. ძირითადად, მოხალისეები გვეხმარებიან ლოგისტიკური კუთხით როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, გვარდიას და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.